საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში უკანონოდ დაკავებულის შვილი ამბობს, რომ ივანე გერკეული ოჯახს ამ დრომდე არ დაჰკავშირებია.
„როგორც ვიცი, საქონელი გაექცათ, მამაჩემი გაჰყვა და წაიყვანეს. მაგის დაკავების ამბავი გია ძურძუკისგან გავიგეთ. მამაჩემთან ერთად მწყემსავდა საქონელს"- ამბობს დავით გერკეული.
როგორც გია ძურძუკი იხსენებს, ივანე გერკეულის უკანონო დაკავება, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
" საქონელი უნდა ამოეყვანა და მერე შეგვესვენა. იქვე ჯაგებია და იქ იყვნენ დამალულები. მანდ წმინდა გიორგის ეკლესიაა, მე- 6 საუკუნის. ეგ ეკლესიაც მათ მიიტაცეს. იქვე აქვთ თეთრი ლენტები გაკეთებული. ასე ამბობენ, ეგ ჩვენი მანიშნებელია და თქვენ აქ არ უნდა მოხვიდეთო. ჩემი ამხანაგი არც იყო იმ ლენტებამდე მისული, რომ დაიჭირეს. მე ერთი შეიარაღებული პირი დავინახე, რომელმაც წაიყვანა. დავუძახე ცოდოა ერთი საწყალი კაციამეთქი, მაგრამ ვინ გისმენს. რა უნდა მექნა, მოვაგროვე საქონელი, საღამომდე ვაბალახე და მერე წამოვედი."- ამბობს გია ძურძუკი.
სოფელ ახალუბნის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თანასოფლელების უკანონო დაკავების ფაქტები გახშირდა. მათი ინფორმაციით საოკუპაციო ძალები ქართველი სამართალდამცავების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოსვლასაც არ ერიდებიან.
„შარშან ჩემი ბიჭიც დააკავეს. ივანეს დაკავება პირველი შემთხვევაა. სადაც მავთულხლართებია, იქ არ გადმოდიან, მაგრამ ჩვენთან სადაც დაინახავენ, იქ იჭერენ“ ამბობს ახალუბნის მკვიდრი შალვა პეტრიაშვილი.