Sovlab-ის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მონაცემთა სპეციალური ბაზის შექმნის შესაძლებლობას აფასებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დააანონსა.
მისი თქმით, საზოგადოება ამ ტიპის ინიციატივებს სარკაზმით და იუმორით ხვდება.
„ეს მკაფიოდ ლაპარაკობს რეჟიმის სასოწარკვეთაზე და აგონიაზე, აღარ იცის, რა მეთოდი მოსინჯოს, რომ რაღაცნაირად შეაშინოს უმრავლესობა, რომელიც ღიად დასცინის - ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ამ პანიკური და არაადეკვატური გამოხტომების,. სისტემა, რეჟიმი ხედავს, რომ გამოეცალა ყველანაირი ლეგიტიმაცია და დასაყრდენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში.
კუდიანებზე ნადირობა, ხალხის მტრებად გამოცხადება არ/ვერ მუშაობს უხეში ძალის თანხლების გარეშე. დიდი სიამოვნებით მართლა ასე ჩამოუვლიდნენ კარდაკარ ყველას და აგრესიულ, სადამსჯელო ზომებს მიიღებდნენ, უბრალოდ ამის რესურსი ნამდვილად არ გააჩნიათ და უფრო და უფრო ეცლებათ ხელიდან. გარე, უფრო მასშტაბული და აგრესიული ძალის - რუსეთის ღია ჩარევა, ეს არის ბოლო კარტი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს დასაშინებლად და ტერორის დასათესად რეჟიმმა, უბრალოდ იმდენად სუიციდურია ეს, რომ სრული მასშტაბით აქამდე არ გამოუყენებია. უბრალოდ ქვეტექსტებით ცდილობენ ისინი მიახვედრონ საზოგადოება, რომ მათ უკან რუსეთი დგას.
2022 წლამდე, უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის მომენტამდე სხვანაირად ჟღერდა რუსეთს საფრთხე, დღეს კიდევ განსხვავებულად ჟღერს, რამდენადაც, ყველამ იცის, რომ თუნდაც რუსეთის ღია ჩარევით დამუქრება და შანტაჟი აღარ არის იმ ძალის მქონე, როგორიც მანამდე იყო“, - ამბობს მკვლევარი.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.