რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ „პრავფონდს“, რომლის ოფიციალურ მიზნად გამოცხადებულია უცხო ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეთა „უფლებების დაცვა“, კრემლი რეალურად საკუთარი გავლენების ზრდისთვის იყენებს, წერს ინგლისური გამოცემა Guardian.
ის, რომ „უფლებების დასაცავად“ შექმნილი ორგანიზაცია სადაზვერვო სამსახურების ინტერესებს ემსახურება, ევროპის უშიშროების სამსახურების მიერ მოპოვებული მასალებით დასტურდება, ამტკიცებს გაზეთი.
როგორც „პრავფონდიდან“ გამოჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, ორგანიზაცია აფინანსებს კონკრეტულ პროპაგანდისტულ ვებგვერდებს. ამას გარდა, სწორედ „პრავფონდმა“ გადაიხადა ბერლინში მოკლული ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვადიმ კრასიკოვის ადვოკატის იურიდიული მომსახურების თანხაც.
იმავე დოკუმენტებით ირკვევა, რომ „პრავფონდში“ სხვადასხვა პოზიციაზე ხშირად ინიშნებიან რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები.