ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პაპუაშვილმა „აგენტების კანონს“ ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ „აგენტების კანონს“ ხელი მოაწერა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის მტკიცებით, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ, საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა.

„კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების შემთხვევაშიც.

როგორც ვამბობდით, კანონი მისი უშუალო მიზნის გარდა, სხვა მიზნებსაც მიაღწევდა. განხილვების ორთვიანმა პროცესმა ეს დაადასტურა.

პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რადიკალური ოპოზიცია ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა სხვა ქვეყნების ინტერესებს აყენებს. მათ ეროვნული ინტერესი სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებისგან ტაშის კვრაში ერევათ, დამოუკიდებლობა კი მორჩილებაში. ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეთებად დარჩნენ ოპოზიციაში, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონი ხვალიდან შევა ძალაში და ამასთან, მან ჟურნალისტებთან პროცედურებიც განმარტა.

„დღეს მოვაწერე ხელი, ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში, ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება, იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდნენ ამ პორტალში და შემდეგ დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები. კანონი ამოქმედდება ხვალიდანვე, თუმცა ვალდებულება რეგისტრაციის წარმოიშობა ხვალიდან 60 დღეში, რაც უწევს დაახლოებით 4-5 სექტემბრიდან", - თქვა პაპუაშვილმა.