საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 7 ევროპული ქვეყნის პარლამენტის სპიკერს პასუხობს, რომლებმაც გუშინ „აგენტების კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდეს.
როგორც პაპუაშვილი საპასუხო წერილში წერს, მადლობელია მათი გამოხმაურებით და მოხარულია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეტი დეტალი მიაწოდოს და დაარწმუნოს ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ფარული საგარეო ჩარევის საფრთხეების ფონზე, საქართველოს ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, არ აქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება, პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს.
„ყველა თქვენი ქვეყნის მსგავსად, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ეს ასეა როგორც საფრანგეთში, ისე დიდი ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვაგან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კომპლექსური რეგიონული ვითარება კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ქვეყანასა და საზოგადოებას უფრო მეტად მოწყვლადს ხდის. ამ ფონზე, არ გვაქვს უმოქმედოდ ყოფნის ფუფუნება. პირიქით, აღნიშნული საფრთხის პირისპირ, რეაგირება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს. თუ არამომგებიანი ორგანიზაციები საქართველოში ერთვებიან ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში და აქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის საბაზისო სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან. ეს ასეა სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო მოხელეების შემთხვევაში და ასე უნდა იყოს არამომგებიანი ორგანიზაციების შემთხვევაშიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ამ ძირითადი აქტორის ფინანსური გამჭვირვალობა საბაზისო პრინციპია“, - ნათქვამია წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარე წერილში ასევე საუბრობს ევროპის დემოკრატიის ფონდის შესახებ, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მიერ ფინანსდება. მისი თქმით, ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე.
,,ძვირფასო პარლამენტების თავმჯდომარეებო, აღნიშნული პრობლემა საქართველოში მსოფლიოს ყველა წერტილიდან მომდინარეობს. თუმცა, ვინაიდან თქვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარმოადგენთ, ნება მომეცით, თქვენთვის შესაბამის ერთ-ერთ მაგალითზე - ევროპის დემოკრატიის ფონდზე გავამახვილო ყურადღება. ეს ორგანიზაცია ფინანსდება ევროპელი, მათ შორის, ფრანგი, ჩეხი, ესტონელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ჰოლანდიელი და პოლონელი, გადასახადების გადამხდელების მიერ. გასულ წელს მრავალი მცდელობის მიუხედავად, დამერწმუნებინა ევროკავშირის წარმომადგენლები და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომ ნებაყოფლობით უზრუნველეყოთ საზოგადოებისადმი გამჭვირვალობა, ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ხარვეზების არსებობისა და ლეგიტიმური წუხილის აღიარების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად. უფრო მეტიც, ვაგრძელებთ სხვადასხვა ფარული სქემის აღმოჩენას, რომლითაც ხდება პოლარიზაციის წახალისება, პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება. ეს პრაქტიკა, უხეშად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციის ძირითად პრინციპებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა ხმამაღალი განცხადებები და ემოციები გამოიწვია, მაგრამ არავის გამოუთქვამს ამ პროცესში საჭირო ერთადერთი რამ - მზაობა გამჭვირვალობაზე. ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებთან ჩემი საუბრები მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი არ არის გამჭვირვალე როგორც საქართველოს, ისე თქვენი ქვეყნების მოქალაქეების წინაშე. ასე რომ, საქართველოში ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების ფულის ხარჯვის გამჭვირვალობის ნაკლებობა ყველა ჩვენგანის პრობლემაა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი თქმით, მისასალმებელი იქნებოდა, რომ მათ გამოიყენონ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი და დაფინანსების მიზნობრიობა.
„ვინაიდან საკითხი თქვენს გადასახადის გადამხდელებსაც ეხებათ, მივესალმებოდი თქვენს მზაობას, რომ გამოიყენოთ საპარლამენტო ინსტრუმენტები, შეისწავლოთ აღნიშნული საკითხი, დაფინანსების მიზნობრიობა და ნათელი მოჰფინოთ ამ პრობლემას. ეს იქნებოდა გაუმჭვირვალობის პრობლემაზე რეაგირების ნამდვილი მზაობის დემონსტრირება. იმის ფონზე, რომ სხვა გზებით შეუძლებელი იყო აღნიშნული პრობლემის მოგვარება, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოური გავლენის გაუმჭვირვალობის ამ პრობლემას შეეხება ერთიანი და პროპორციული ნაბიჯებით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების სრული პატივისცემით.
ძვირფასო პარლამენტების თავმჯდომარეებო, გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა. სინამდვილეში, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. უფრო მეტიც, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „უცხოური აგენტის“ ფორმულირება; სანაცვლოდ, გამოიყენება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია“. იგი ჰგავს ევროკავშირის ტერმინს „მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაცია“, რომელსაც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დირექტივის პროექტში ვხვდებით.
შევისწავლეთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ვთვლით, რომ ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი არცერთ შეზღუდვას არ აწესებს უცხოურ დაფინანსებასა თუ უცხოურ ფონდებზე წვდომასთან დაკავშირებით; იგი არ ითხოვს ფინანსურ გადარიცხვებზე წინასწარ ნებართვას; იგი არ მოიცავს დაფინანსების კონტროლს ან ადმინისტრაციულ დაშლას; და იგი არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონი არამომგებიან ორგანიზაციებს არცერთი ფორმით არ უზღუდავს უცხოური დაფინანსების მოძიებას, მიღებას ან გამოყენებას, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წახალისებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ საქმიანობას. საქართველოში არამომგებიანი ორგანიზაციები არიან თავისუფლები და კანონის მიღების შემდეგაც იქნებიან თავისუფლები“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება.
,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს.
ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გაზრდის არამომგებიანი ორგანიზაციების და მათი დონორების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამომგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
გუშინ, ევროპის 7 ქვეყნის სპიკერმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართეს და „აგენტების კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდეს.