გარდა ამისა, ორი თვის განმავლობაში ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, კანონის სტიგმატიზება, ვიხილეთ უცხო ქვეყნების მინისტრები ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, ვნახეთ მაიდანის ხსენება გარედან და მისი ესთეტიკის კოპირება შიგნიდან. ანუ ვნახეთ ყველაფერი ის რაც არაევროპული და თავისი ბუნებით საბჭოთაა. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველაზე იმედგამაცრუებელი ის იყო, რომ დღემდე არ გამოჩნდა არცერთი უცხო სახელმწიფო, არცერთი უცხო დონორი, არცერთი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იტყოდა, რომ ის მზად იყო ნებაყოფლობით ეკისრა ქართველი ხალხის მიმართ საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის ვალდებულება.
„არცერთი! ამან კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენს ხალხს, რომ სხვა ყველაფერი მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის პრივილეგიის შენარჩუნებაა.
აპოკალიფსურ სურათს გვიხატავდნენ იმ ფონზე, როცა გამჭვირვალობის კანონი ერთადერთ მარტივ ვალდებულებას ადგენს, რომ ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ საკუთარი ფინანსები. ეს არის ყველაზე მინიმალური ვალდებულება რაც კი შეიძლება დაწესებულიყო. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სისტემაში.
ჩვენ ვხედავთ, რომ დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი, დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას. და რაც მთავარია, მოქალაქეს მისცემს ბერკეტს, რომ უცხოეთიდან შემოსული დაფინანსება მოხმარდეს მის ინტერესს და არა მხოლოდ დონორის და მისი დაფინანსებული ორგანიზაციის ინტერესს. ამიტომაც არის ეს კანონი ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი.
და ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის და სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას შინ და გარეთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე - საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი - დადგე საქართველოს მხარეს", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.