ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე ანაკლიის პორტზე: დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი 51 %, ხოლო კონსორციუმის - 49 % იქნება

საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის მტკიცებით, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.

მისივე თქმით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.

„ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება. მინდა შეგახსენოთ, რომ დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რასთან დაკავშირებითაც ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51 %, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49 %. პარალელურად, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ აშშ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. ეს არის 7.8 მლნ ტონა ტვირთის გატარების რესურსი. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენი ქვეყანა ისტორიულად აკავშირებდა ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ამ პორტის მშენებლობით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით ახალ, განსაკუთრებულ რესურსს შეიძენს,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.