ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ ინვესტიციებთან კავშირი არ აქვს.
„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი არის საკმაოდ მიმზიდველი. ამ კანონით შეიძლება არც გაძლიერდა და არც შესუსტდა [საინვესტიციო კლიმატი]. ეს კანონი სულ სხვა რამეს ეხება. ვფიქრობ, ინვესტიციებთან კავშირში საერთოდ არაა. ყველაფერი დროში გამოჩნდება. დროს ნუ დავკარგავთ. მოდი, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დაველოდოთ შედეგებს და შემდეგ ვისაუბროთ“,- აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან მან მწუხარება გამოთქვა, რომ საქართველოში პოლიტიზების გარეშე არცერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება არ ხდება.
„გვესმის, რომ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ თითოეული თემის პოლიტიზება თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ არის თანხვედრაში ქვეყნის საერთო მიზნებთან, ანაკლიის პროექტთან მიმართებით, დავინახეთ გადაჭარბებული ემოციები და პროექტთან დაკავშირებით პოლიტიზების მცდელობა.
ბუნებრივია, ეს არაფრის მომცემი არ არის, ჩვენ გეგმაზომიერად განვავითარებთ პორტს და ეს იქნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, სტრატეგიული პროექტი, რადგან, იცით, რომ ტრანსპორტი, დაკავშირებადობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენს ეკონომიკაში. ზოგადად ეს სექტორები უდიდეს როლს ასრულებენ ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაში.
ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს საჯარო ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის ზრდას შეუწყობს ხელს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ე.წ. შუა დერეფნის ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ იქნება მიმართული. თავის დროზე, როდესაც პროექტის განვითარებაზე იყო საუბარი, პირველ ეტაპზე, მაშინაც მოიაზრებოდა, რომ ეს იქნებოდა საერთაშორისო პროექტი, სადაც ჩართული იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური სუბიექტი, მათ შორის, ჩინეთის და არა მხოლოდ ჩინეთის, ირანზე იყო საუბარი და ა.შ. ასე რომ, ბუნებრივია, რომ დღეს ეს ცალსახად მხოლოდ პოლიტიზებულია საკითხი და არაფერი აქვს საერთო პროექტის განხორციელების შედეგთან და ეფექტურობასთან“, - განაცხადა დავითაშვილმა.