ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და შანსი, რომ ჩვენ მოვახდინოთ ამ არჩევნების მოგება, იმისთვის რომ ეს ქარტია შესრულდეს, ეს არის მიზანი და არჩევნები არის საშუალება, რომელსაც შეუძლია დაგვაბრუნოს ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებთან გამართულ მიღებაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნებისთვის ამომრჩევლების დიდი მობილიზაციაა საჭირო, ეს ყველამ კარგად იცის.
„არჩევნებისთვის ამომრჩევლების დიდი მობილიზაციაა საჭირო, ეს ყველამ კარგად იცის. ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს ძალიან ცუდ პირობებში იგებენ, ადვილი არჩევნები, პრაქტიკულად, არ გვქონია. გარდა სულ დასაწყისისა, მაშინ 1918 წელს უნდა დავუბრუნდეთ. მიუხედავად ამისა, არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება, თუ საზოგადოების სრული მობილიზაციაა. ეს ყველას პასუხისმგებლობაა და ვთქვი, რომ მეც მაქვს პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად მივმართო ყველას, რომ ჩაერთონ. ეს არის მათი მომავალი, მათი შვილების მომავალი და ინდიფერენტულობა არ შეიძლება. ეს არის დანაშაული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი ნამდვილად არ არის. ეს მობილიზაცია, პირველ რიგში აქაურ საზოგადოებას ეხება, მაგრამ ეხება დიასპორასაც, რომელიც აქამდე ძალიან ინერტული იყო. რაც არ უნდა შორს იყო და რაც არ უნდა დიდხანს, მაინც გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და გაინტერესებს, რომ შენი ქვეყანა ოკუპანტს ხელში არ ჩაუვარდეს. მინდა, ყველა გავაფრთხილო დღეს, ბევრი ადამიანია ამოღებული საკონსულო აღრიცხვიდან და გადაამოწმეთ, აუცილებლად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.