ძალიან ვერ გაგახარებთ. არც ამერიკის ვიზა მაქვს და არც შეტყობინება მომსვლია მის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ კითხვას, მიიღო თუ არა აშშ-სგან შეტყობინება ვიზის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს.
„თქვენი ეს მოლოდინი თუ გამტყუნდება, სწორი გადაწყვეტილება იქნება. არც პიროვნულად და არც მთლიანად საქართველოს ხელისუფლება არანაირ სანქციას არ იმსახურებს. მას 2012 წლიდან არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომელიც დასავლეთის ინტერესებს უპირისპირდება ან რუსულ ინტერესებს სადღაც ითვალისწინებს. მაშინ, როდესაც ის ადამიანები ახლა ჟივილ-ხივილში არიან და ყელგამოღადრულები ითხოვენ დასავლეთიდან სანქციებს, 2012 წლამდე იმას აკეთებდნენ, რამაც საშუალება მისცა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის. კიდევ ერთხელ, ვერ გაგახარებთ ამ თემით. არავის მისვლია შეტყობინება. სამწუხაროა, რომ ასეთი სიხარულით და აჟიოტაჟით ელოდებით ამ თემას. სანქციები სამწუხარო და არაობიექტური იქნება. ცუდი იქნება ზოგადად ქვეყნისთვის”,- განაცხადა ვოლსკიმ.