„კოშმარად ქცეული ოცნება“- ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი.
ის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, უფრო და უფრო აკარგვინებს ამერიკას და ევროკავშირს სურვილს კარი გაუღონ საქართველოს.
„ვფიქრობ შეერთებულ შტატებს, ევროპის უმეტესობის მსგავსად, ნაკლები სურვილი ექნება მიიღოს, კარი გაუღოს საქართველოს ევროკავშირში, რაც მგონია, რომ საქართველოს სურს და რაც ის ადგილია, საითკენაც საქართველო ეკონომიკურადაც უნდა მიილტვოდეს. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს, არ მიესალმება. ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობა ფენომენალურია.
ეს მახსენებს იმ დღეს, როცა “ოცნებამ” არჩევნებში [პირველად] გაიმარჯვა. მაშინ ვნახეთ უამრავი ადამიანი ქუჩებში, მთავარ გამზირზე. რა თქმა უნდა, [მას შემდეგ] “ოცნება” “კოშმარად” იქცა და არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გამხდარიყო უფრო ღია და გამჭვირვალე, კანონის მეტი უზენაესობით, ის უფრო პრორუსული გახდა. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ავალდებულებს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც დაფინანსების 20%-ს იღებს უცხოეთიდან, გამოცხადდეს უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად. ეს ნამდვილად არ არის მაღალი სტანდარტი. არიან ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ, მაგრამ ამ ჯგუფში მოხვდებიან. ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი რამენაირად უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტები არიან.
სამწუხაროა, რომ ეს კანონი მიიღეს. ნათელია, რომ „ოცნება” „ოცნება” არაა, „ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება. მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ“, - აცხადებს კონგრესმენი.
ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი „არის სამოქალაქო საზოგადოების წევრების ხმის ჩახშობა, მათი, ვინც ცდილობს, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები წინ წამოსწიოს, დაიცვას დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები, სიტყვის თავისუფლება”, რაც მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს.
„ვფიქრობ, მათ რუსეთთან დაახლოება უნდათ…როცა თბილისში ჩავედი, და მათ არჩევნებში გაიმარჯვეს, ვფიქრობდი, რომ პარტიის სახელიც შესანიშნავად იყო შერჩეული. წინა ხელისუფლებას ბევრი ცუდი ჰქონდა გაკეთებული, ბევრი კითხვის ნიშანი იყო მათ მიმართ, “ქართულ ოცნებას” კი კარგ სახელთან ერთად, კარგი კამპანია ჰქონდა, მაგრამ მათ ეს სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს. ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა“, - ამბობს კოენი.
კონგრესმენის აზრით, ქართველი ხალხი დასავლეთთან კავშირებს ემხრობა, რაც არ ჩანს მთავრობისგან, შესაბამისად ეს არის მოძრაობა სტალინიზმისკენ.
„ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის. და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს“,- დასძენს კოენი.
კონგრესმენი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება „უფრო მეტად არიან რუსეთისკენ გადახრილნი, ვიდრე - დასავლელი მოკავშირეებისკენ. მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა, რომელსაც მათი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს”.
,