კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
თბილისის მერის მტკიცებით, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს არ გამოუთქვამთ.
„სამარცხვინოა მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო? თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი. ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდა? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს შემდეგ ქვეყნის ეკონომიკას და მის განვითარებას წაადგება.