ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბათუმის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები პრემიერს ტყუილში ადანაშაულებენ

ბათუმის „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები პრემიერს ტყუილში ადანაშაულებენ. ირაკლი კობახიძესთან, რომელიც აჭარაში იმყოფება, სოციალურად დაუცველებს გასაუბრება სურდათ, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

მოქალაქეებს აინტერესებთ ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მათი ბინით უზრუნველყოფა მოხდება. ბათუმის „ოცნების ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმა განაცხადა, რომ შესახლების პროცესი დაწყებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ირაკლი კობახიძემ TV24-ის კითხვის კომენტირებისას ვერ დააკონკრეტა ბინის გადაცემის კრიტერიუმები, რასაც სოციალურად დაუცველები ორ წელზე მეტია ელოდებიან.

კრიტერიუმებს ვერც აჭარის მთავრობა ასახელებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, პროცესი საჯარო და ხელმისაწვდომია, თუმცა ედუარდ ნაკაშიძემ TV24-თან საუბრისას დეტალები ვერ დააკონკრეტა.

3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა, რომელიც 582 ბინას მოიცავს. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ შესახლების პროცესი განზრახ ჭიანურდება და ბინების გადაცემა წინასაარჩევნოდაა დაგეგმილი.

ხელვაჩაურში „ოცნების ქალაქი” 2012 წელს გაჩნდა, მაღალმთიანი აჭარიდან ხალხი მასობრივად ხელვაჩაურში, თავისუფალ ტერიტორიაზე დასახლდა. ტერიტორიაზე ადამიანებს ცხოვრება დღემდე შეუსაბამო პირობებში უწევთ. არაოფიციალური მონაცემებით, აქ 1740 ოჯახზე მეტი ცხოვრობს, მათ შორის 2000-ზე მეტი ბავშვია.


ავტორი: სულხან მესხიძე