ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბათუმში, სამხედრო ბაზის ყოფილ შენობაში შეჭრილი 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი გამოიყვანეს

ბათუმში, სამხედრო ბაზის ყოფილ შენობაში შეჭრილი 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი გამოიყვანეს.

მათი თქმით, პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და გამოსახლების პროცესი ძალდატანებით მოხდა.

სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უსახლკაროები გუშინ, ღამით შეიჭრნენ, მათ ღამის გათევა ნანგრევებად ქცეულ შენობაში იატაკზე მოუწიათ.

ამბობენ, რომ წლებია ნაქირავებ ბინებში, უკიდურეს პირობებში უწევთ ცხოვრება, აქვთ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემებიც, ზოგიერთი მათგანი კი შშმ სტატუსის მქონეა.

„საცხოვრისი არ მაქვს, შშმ პირი ვარ, ბინას ვერ ვყიდულობ. ვნახე მიტოვებული და გამოუსადეგარი შენობა, შევიჭერი სხვებთან ერთად. რამდენჯერ და ვის არ მივმართე, ყველა დოკუმენტაცია გამაჩნია, მაგრამ ხელისუფლება არ გვეხმარება. მეუბნებიან სოციალურად დაუცველებისთვის სახლები არ შენდებაო. სად წავიდე, რა გავაკეთო, მითხრას ხელისუფლებამ”, - აღნიშნა TV24-თან საუბრისას მაგული ფუტკარაძემ.

სოციალურად დაუცველებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა.

გიორგი ჩარკვიანის თქმით, ადგილზე ინფორმაცია მიიღო, რასაც აპარატს მიაწვდის, რის შემდეგაც გაკეთდება განმარტება.

აჭარაში სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები საპროტესტო აქციებს ყოველ ხუთშაბათს, მერიისა და აჭარის მთავრობასთან სახლთან მართავენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და კითხვებზე პასუხების მიღებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ.

სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები საპროტესტო აქციის გამართვას ჯანდაცვის სამინისტროსთან ხვალ გეგმავენ.


ავტორი: სულხან მესხიძე