იურისტი საბა ბრაჭველი „აგენტების კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია მსგავს დასკვნებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში აქვეყნებს.
მისი თქმით, რუსულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომლითაც კანონი გასაუქმებელია, მის შინაარსზე ყველანაირ ეჭვს უნდა სპობდეს. კანონი რუსულია და ის გამოსწორებას არ ექვემდებარება.
„ვენეციის კომისიის შეფასებით:
ამ კანონს გააჩნია „უამრავი მსგავსება" (numerous similarities) რუსეთში, ყირგიზეთში, უნგრეთსა და რესპუბლიკა სრბსკაში ინიცირებულ კანონებთან;
განმარტებით ბარათში მითითებული ამერიკული, ავსტრალიური და ისრაელური კანონებისგან მას "რამდენიმე საკვანძო განსხვავება" (several key differences) განასხვავებს;
კანონის მიღების პროცესში ხელისუფლებამ არ გაასაჯაროვა მასში შეტანილი სიღრმისეული ცვლილებები. კომისია მძიმე შეშფოთებას გამოხატავს "გამჭვირვალობის ამგვარი არარსებობის" გამო (such absence of transparency);
საბოლოო ჯამში, კომისია მტკიცედ სთხოვს მთავრობას ამ ფორმით კანონის გაუქმებას ("strongly recommends repealing the Law in its current form"), რაკი კანონი მნიშვნელოვნად აზიანებს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, პირადი ცხოვრების უფლებას, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას და დისკრიმინაციის დაუშვებლობას, აზიანებს ღია და საჯარო დებატების გამართვის შესაძლებლობას, პლურალიზმსა და დემოკრატიას.
საინტერესოა, ევროპის საუკეთესო იურისტების შეფასებაზეც თუ იტყვიან ჩვენი ენდემური ჭკვიანები, ერთი სამართლებრივი არგუმენტიც არ მოგვისმენიაო. ისევ გააგრძელებენ პროპაგანდას, თითქოს კანონი ამერიკულია, თუმცა მაინც სასიამოვნოა, რომ კანონს რუსულს უკვე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ვენეციის კომისიაც უწოდებს.
ვენეციის კომისია კანონის გაწვევას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ითხოვს. რუსულ კანონთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომლითაც კანონი გასაუქმებელია, მის შინაარსზე ყველანაირ ეჭვს უნდა სპობდეს. კანონი რუსულია და ის გამოსწორებას არ ექვემდებარება“,- წერს ბრაჭველი.
ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.
კომისიამ ხაზს გაუსვა იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.