ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება და წერს, რომ ევროპის საბჭო საქართველოსთვის დახმარების გასაწევად მზად არის.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ჩვენი, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ევროპის საბჭო დახმარების გაწევისთვის მზად არის“, - წერს ბურიჩი.

ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.

კომისიამ ხაზს გაუსვა იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.