ვენეციის კომისიის დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი, ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევე და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ვენეციის კომისიის დასკვნას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ იმედებს ამყარებენ. ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არცერთი არგუმენტი არ არსებობს. ვენეციის კომისიის დასკვნაში მრავლად ვხვდებით როგორც დაუსაბუთებელ და ურთიერთსაწინააღმდეგო სამართლებრივ მსჯელობას, ისე ფაქტების არაერთ უხეშ დამახინჯებას, რაც კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციას კიდევ უფრო ახალისებს. ამდენად, გულდასაწყვეტია, რომ ვენეციის კომისიის პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა, რაც ისევ და ისევ ვენეციის კომისიის რეპუტაციას აზიანებს“, - განაცხადა ქურასბედიანმა.
მანამდე ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა და მკაცრად მოუწოდა ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით.
კომისიამ ხაზს გაუსვა იმას, რომ არსებული ფორმის ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს თავისუფალი გაერთიანებებისთვის, ასევე გამოხატვის თავისუფლებისთვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და სამოქალაქო საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.