სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში 8 პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას აბაშიძემ აღნიშნა, რომ მისი სახლის ჩხრეკის პერიოდში იგი სისტემატურად ითხოვდა ადვოკატების შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.
„სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად მოხდეს მისი დაცვის უფლების რეალიზება. სახალხო დამცველი შეისწავლის ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტის ეპიზოდსაც.
არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა ასევე დაკავებულთა ნაწილიც, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
სახალხო დამცველის აპარატი კვლავ აგრძელებს დაკავებულთა მოძიებასა და მათთან გასაუბრებას, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციამ ბლოგერი უჩა აბაშიძე გუშინ დააკავა. შსს-ს განცხადებით, თბილისსა და ბათუმში, მათ შორის ბლოგერ უჩა აბაშიძის ბინაში, საგამოძიებო მოქმედებები, სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევის ფაქტების გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.