ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ომბუდსმენი: დაუშვებელი და მიუღებელია განსხვავებული, ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ბოლო დღეებში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაუშვებელი და მიუღებელია განსხვავებული, ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

მან ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, მოხდეს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

„გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 7 მაისს ინტერვიუს მიცემის დროს თავს დაესხნენ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს გიორგი კლდიაშვილს, ასევე, ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს.

კვირას, 5 მაისს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პედაგოგ ლადო აფხაზავას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია და მიუღებელი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების ქონის გამო ადამიანებზე თავდასხმა.

მნიშვნელოვანია თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებებმა დაადგინონ ძალადობრივი ქმედებების მოტივი და მისი შესაძლო კავშირი თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან, რის დადასტურების შემთხვევაშიც ძალადობრივ ქმედებებს უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოახდინოს თითოეული შემთხვევის დროული და ეფექტური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი კანონიერი ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატი ზედამხედველობას გაუწევს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.