მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ?! - თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი გუშინდელ ფაქტს, როდესაც მან ერთ-ერთ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.
როგორც კახა კალაძემ თქვა, მედიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს უტიფარი უწოდო.
„დღეს პრესის საერთაშორისო დღეა. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, უტიფარი უწოდო. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ ერთმანეთს. შეიძლება პოლიტიკოსი იყო, განსხვავებული მოსაზრება გქონდეს, ნუ გექნებათ ილუზია, არ გაქვთ უფლება ადგეთ და შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან კონკრეტულ პოლიტიკოსს.
მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ?! არავისთვის მიკადრებია თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება, ყოველთვის თავდაცვის რეჟიმში ვარ. თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ“, - აღნიშნა კალაძემ.