ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ჩინეთს, რომელმაც დევნილების დაბრუნებაზე გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთმა რატომ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გაეროს რეზოლუცია სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა.
„ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჩინეთი აღიარებს საქართველოს. თქვენ შეიძლება, არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მესმის რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, გაეროს რეზოლუციაზე წლიდან წლამდე იზრდება მხარდამჭერების რაოდენობა.
„შარშან პირველად ჩვენ მოვახერხეთ და სამნიშნა რიცხვით დავაფიქსირეთ მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ და წელს რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი ჩვენს რეზოლუციას. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დამსახურება და მადლობა მინისტრს, მთლიანად სამინისტროს გაწეული საქმიანობისთვის, თითოეულ დიპლომატს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა. მადლობა ჩინეთს იმისთვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
4 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და სხვა 63 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია მიიღო, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".
რეზოლუციას მხარდაჭერა არ გამოუცხადა საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა, ჩინეთმა - მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ისევე, როგორც ირანმა.