ხელისუფლების მიერ სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადებული ჩინეთი არ არის საქართველოს ეროვნული მიზნების მხარდამჭერი, რადგან ეწინააღმდეგება NATO-ს გაფართოებას, არ უჭერს მხარს ქართველთა დაბრუნებას მშობლიურ სახლებში და არსებითად კვლავ რუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა სრულად არის აცდენილი ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს და ემსახურება რუსულ-ჩინური გავლენების გაძლიერებას.
,,მორიგ ჯერზე ისმის კითხვა, რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან: ქართული ეროვნული მიზნების განხორციელების მაგიერ, საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული ობიექტების ჩაბარებას კორუმპირებული, დასანქცირებული კომპანიებისთვის, რომლებიც კენიამ და მალაიზიამაც კი გააძევეს? ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური, რომ ,,ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა სრულად არის აცდენილი ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს და ემსახურება რუსულ-ჩინური გავლენების გაძლიერებას. ეს შეიცვლება 27 ოქტომბერს დილით, როდესაც საქართველოს ეყოლება არა რუსეთისა და ჩინეთის მსახური ხელისუფლება, არამედ საქართველოს და ქართველების მსახური მთავრობა, რომელიც ქართველების და საქართველოს გამდიდრებას და გაძლიერებას დაისახავს მიზნად“, - განაცხადა გეგელიამ.
2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 64 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
ჩინეთმა გაეროში მხარი არ დაუჭირა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას.