ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

TI: ხელისუფლება ანაკლიის პორტს კორუფციული სკანდალებით ცნობილ ჩინურ კომპანიას აშენებინებს

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ჩინური კომპანია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შეარჩია, არის საეჭვო რეპუტაციის მქონე და კორუფციული სკანდალებით ცნობილი.

ორგანიზაციის თქმით, ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებს 2018 წლიდან აკვირდებიან. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებელ დასავლური კომპანიების კონსორციუმს კონტრაქტი შეუწყვიტა. მიმდინარე წლის 29  მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის პორტის ინვესტორად კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი შეარჩია. 

მათივე ცნობით, ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი აშშ-ს მთავრობის შეზღუდვების ქვეშ იმყოფება.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ „აგენტების კანონის“ მიღების პარალელურად, „ანაკლიის პორტის პროექტში აშშ-სგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა.

TI-ს განცხადებით, ის, რომ ჩინური კომპანია გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით, გაზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს. „მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეპრესიებს ახორციელებს. არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში კორუფციული რისკების კონტროლის და პრევენციის აუცილებელი ინსტიტუტია”.

2021 წლის ივნისიდან ჩინური კონსორციუმის წამყვან კომპანიას China Communications Construction Company Limited (CCCC) აშშ-ის მხრიდან შეზღუდვები აქვს დაწესებული. ის აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) კონსოლიდირებული სანქციების (Non-SDN) სიაშია შეყვანილი ჩინური სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნაწილად ყოფნის გამო.

ამ სიაში შეყვანილ კომპანიებს არ ეზღუდებათ აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციები, მაგრამ გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. აშშ-ის ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, თუ ამერიკულ კომპანიებს სურთ აღნიშნულ სიაში შემავალ კომპანიებთან ტრანზაქციების განხორციელება გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე, მთავრობისგან ნებართვა უნდა მოიპოვონ.

ეს ნიშნავს, რომ CCCC-თან თანამშრომლობით საქართველო არ არღვევს სანქციების რეჟიმს, თუმცა Non-SDN სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიას ეკრძალება ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა აშშ-ის მთავრობის ნებართვის გარეშე.

CCCC სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანიაა, რომელიც ფოკუსირებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაზე და ოპერირებაზე, მათ შორის პორტების, აეროპორტების და ა.შ. CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია აშშ-ის OFAC-ის სიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო მოხვდა. აშშ-ის შეფასებით, კუნძულების მშენებლობით საერთაშორისო სამართლის ნორმები დაირღვა.

CCCC რამდენიმეჯერ იყო მხილებული კორუფციულ ფაქტებში:

2009 წელს ფილიპინების მთავრობის გამოცხადებულ ტენდერში თაღლითობის ფაქტების აღმოჩენის გამო მსოფლიო ბანკმა CCCC-ს რვა წლით აუკრძალა მის პროექტებში მონაწილეობა;

2009 წელს ეკვატორულ გვინეაში CCCC-ს შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის პრეზიდენტის შვილს 19 მლნ დოლარის ქრთამი გადაუხადა ტენდერში დახმარების სანაცვლოდ;

2014 წელს ეკვადორში CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ მოწინავე ტექნოლოგიების განათლების ცენტრი ააშენა. აშენებიდან რამდენიმე წელში შენობის 80%-ზე მეტი უსარგებლო აღმოჩნდა უხარისხოდ მშენებლობის გამო;

2018 წელს ბანგლადეშის მთავრობამ CCCC-ის შვილობილ კომპანიას China Harbor Engineering Company-ს ბანგლადეშში საქმიანობა აუკრძალა საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობის გამო;

2018 წელს მალაიზიის მთავრობამ შეაჩერა CCCC-ის სარკინიგზო პროექტი. მიზეზი აქაც კორუფცია იყო.

CCCC-ის შვილობილი კომპანია China Road and Bridge Corporation, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტშიც არის ჩართული, საქართველოში 2018 წლიდან საქმიანობს, კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთს აშენებს. სამშენებლო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) დააფინანსა. 2021 წლის ნოემბრიდან China Road and Bridge Corporation წნორის შემოვლით გზას აშენებს, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 2020 წლის 10 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია CCCC-თან დაკავშირებით, სადაც აღნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის საქმიანობა განვითარებად ქვეყნებში უხარისხო მშენებლობით, შრომის უფლებების დარღვევით, გარემოს დაზიანებით და არამდგრადი დავალიანებით გამოირჩევა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მიმდინარე წლის 1 ივნისს. მან დამატებით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას”.