ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარების გამო საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს.
როგორც "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა, მეთიუ მილერმა განუცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განსახორციელებლად შერჩეული ჩინური კომპანია "China Communications Construction Group (CCCG)" აშშ-ის მთავრობის მიერ სანქცირებულ სამხედრო და სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, ასევე იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაშია მხილებული, რის გამოც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა 2021 წელს იგი ე.წ “Entity List”–ში* შეიყვანა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის განმარტებით, კომპანიას თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც აქვს.
,,ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შენდება ინფრასტრუქტურა და ვინ აშენებს მას. საქართველოს გლობალურ ბაზრებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ქვეყნის დამოუკიდებლობის გაძლიერება კარგია, მაგრამ ამ კომპანიას არც ერთის გამოცდილება აქვს, არც მეორესი.
მისი ერთ-ერთი წინა პროექტი, ანაკლიის მსგავსად, დაიწყო საჯარო-კერძო პარტნიორობით, მაგრამ შედეგად ჩინეთმა მიიღო 99-წლიანი იჯარა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, შემდგომში კი ჩინური "კვლევითი ხომალდების" ვიზიტები, რამაც მთელი რეგიონის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. შრი-ლანკაში, ჰამბანტოტაში მდებარე ეს პორტი ამჟამად სამარცხვინოა ჩინეთისა და მასპინძელი შლი-ლანკის სარგებლის უთანასწორობის თვალსაზრისით.
გარდა ამისა, ხსენებულ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCG–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში სატენდერო პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, პროექტი სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს და ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემით განხორციელდება. შეერთებული შტატები მზად არის, იმუშავოს საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნვესაყოფად, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ქვეყნის მოსახლეობას სიკეთე მოუტანოს, თავიდან იქნას აცილებული არამდგრადი ვალი, დაცული იყოს მუშახელის უფლებები, ისევე, როგორც გარემოზე ზემოქმედების სტანდარტები, ამასთანავე, საფრთხე არ დაემუქროს საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, ან ქვეყნის ევროატლანტიკური პარტნიორების უსაფრთხოებას", – განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.