ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: საქართველოს პარლამენტი კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს დევნის და უპირისპირდება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საკანონმდებლო ორგანოს მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკული ტელემედიების რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხმიანება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტი კრიტიკული მედიასაშუალებების ჟურნალისტებს დევნის და უპირისპირდება.

ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ.

,,პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ გასული წლის თებერვალში დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ გამოყენებას სადამსჯელო ინსტრუმენტად, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

რუსული კანონის დამტკიცების შემდგომ პარლამენტმა რეპრესიული მექანიზმი ახალი შემართებით აამოქმედა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანომ აკრედიტაცია შეუჩერა კრიტიკული ტელემედიების - "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" - სამ ჟურნალისტს.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას, აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის“ ძალის დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე, 3 ივნისს, შეუჩერდა. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით, 3 ივნისსავე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს ნინი ბალანჩივაძეს. ამავე დეპუტატის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილს, რომელსაც სანქცია განმეორებით დაეკისრა.

21 მაისს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს, „ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, რომელიც ჟურნალისტს ინტერვიუზე ჯერ დასთანხმდა, ხოლო მოგვიანებით, მხოლოდ იმის გამო, რომ კითხვა არ მოეწონა, მისი შეწყვეტა მოითხოვა.

საგულისხმოა, რომ ოთხივე ჟურნალისტისთვის პარლამენტის აპარატიდან გაგზავნილ წერილში სანქციის მიზეზად სტანდარტულად მითითებულია შემდეგი: „პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“. 

მედიასაშუალებები ეჭვობენ, რომ პარლამენტის აპარატი გადაწყვეტილებას ჟურნალისტების დასანქცირების თაობაზე მხოლოდ დეპუტატების დასმენის საფუძველზე, საქმის არსებითად განხილვის გარეშე იღებს. ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, აპარატის გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრონ.

მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ დადგენილების მიღებისთანავე გამოთქვა ეჭვი მისი დეკლარირებული მიზნის მიმართ, მოეწესრიგებინა ურთიერთობა პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის. პრაქტიკამ ეს ეჭვი დაადასტურა. პარლამენტი დადგენილებას იყენებს ბოროტად - თვითცენზურის დასანერგად, ჟურნალისტების დასაშინებლად და საპარლამენტო პროცესებისაგან მათი იზოლირებისთვის.

იმის გამო, რომ აკრედიტაცია ჟურნალისტებს სახელობითად ეძლევათ, მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ სანქცირებული ჟურნალისტების ჩანაცვლებას სხვა თანამშრომლებით. შედეგად, მათ ერთიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება, ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პროცესებში ჩართული პირველწყაროსგან მიიღონ.

ქარტიასთან ჟურნალისტები ამბობენ, რომ დადგენილების მიღების შემდეგ პარლამენტში მათ  მიმართ დამოკიდებულება და მათი სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

პარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სხვა უწყებებს ღიაობისა და გამჭვირვალობის მაგალითს აძლევდეს, ყველა გზას მიმართავს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობის წასართმევად.

პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალებიდან არ ესმით თავიანთი მანდატის არსი. მათი მთელი ძალისხმევა მიმართულია კრიტიკულ მედიასთან კონტაქტის შემცირებაზე.

დადგენილება, რომლის აღსრულებაში განსაკუთრებული  მონდომებითა და ხალისით არიან ჩართული მმართველი პარტიის ცალკეული, ოდიოზური ქცევით გამორჩეული დეპუტატები, საზოგადოებას აკარგვინებს წვდომას პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე, რის მიმართაც მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვა დადგენილების  ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე. ქარტია მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ. ქარტია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ",- წერია განცხადებაში.