ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სამადაშვილი: სანქციები ნიშნავს, რომ აშშ-ს გაუჭირდება საქართველოსთვის დახმარების გაწევა - ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციების საკითხს ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირება იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს გაუჭირდება საქართველოსთვის იმ დახმარების გაწევა, რომელსაც ის იმსახურებს.

სამადაშვილის თქმით, ქვეყნის მომავლის ბედი ოქტომბრის არჩევნებზე გადის.

„დღეს ჩვენ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში პირველად, ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან არასასურველი პირები და პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გაუჭირდება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მისცეს ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებთ და რომლის გაცემაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს. რას ნიშნავს სანქცირებული მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის? ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ინვესტორი არა თუ აღარ შემოვა ჩვენს ქვეყანაში, არამედ ვინც უკვე შემოსულია, იფიქრებს, როგორ სწრაფად უნდა დატოვოს ჩვენი სახელმწიფო და ეს ნიშნავს ეკონომიკის განადგურებას და ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსეთს შორის რა არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე ანუ გვინდა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის, აშშ-ის გვერდში დგომის გარეშე, საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, კიდევ ერთხელ გააცნობიეროს, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენ და რა არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე, არჩევანი ქართული სახელმწიფოს მომავლის და მისი არსებობის თაობაზე,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აშშ-ის სახდეპმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.