როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების სანქციების საკითხს.
მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება დაუშვებელია.
„მთავარი პარტნიორის მხრიდან დაშვებულ იქნა კიდევ ერთი უხეში შეცდომა, ეს არის უხეში ჩარევა შიდასახელმწიფოებრივ საქმეებში და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა. როდესაც კანონმდებელი სანქცირდება კანონის მიღებისთვის, ეს მიუღებელია, ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და დასავლური დემოკრატიის შავი დღე. როდესაც გრიგორიადისი შეწყალებულია იმისთვის, რომ ჩაიდინა ძალადობა, ეს არის ძალადობის ხელშეწყობა და როდესაც პოლიციელი სანქცირდება, ეს არის ძალადობის აღკვეთის ხელის შეშლა. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არის დაუშვებელი, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ თბილისშიც მივიღოთ უკრაინული მაიდანიზაცია, რასაც აუცილებლად ექნება ომის განვითარება, რადგან რეალობა ასეთია, ჩვენ გვირჩევნია, ვიყოთ დასანქცირებული, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს, ახალგაზრდებმა მიიღონ ომში მოწვევის ფურცლები. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დავიცავთ დამოუკიდებლობას და საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობა ეს არის მთავარი ჯავშანი და ფარი იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები და მათ შორის საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ქვეყანაში არ იყოს ომი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
აშშ-ის სახდეპმა საქართველოში „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა.