„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტი შედგება 19 კანონისგან, საიდანაც ერთი არის ძირითადი, 18 კი გამომდინარე კანონი.
„პირველი არის ქორწინების საკითხი. როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა, ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბარი, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნას შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით დაუშვებელი იქნება, რომ ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის.
მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს. აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანა, რომელიც თავის თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, როცა საუბარი გვაქვს მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც სურთ შვილად აყვანა.
მესამე საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას. კერძოდ, აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება.
მეოთხე – სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი. აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში, ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება.
მეხუთე – პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება. კერძოდ, ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
მეექვსე – ინფორმაციის გავრცელება. მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
მნიშვნელოვანია შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა, რაც მაუწყებლის შემთხვევაში, გულისხმობს, რომ ეს სცენები იქნება დაუშვებელი, რომ გადაცემული იქნეს მაუწყებლის ეთერში.
მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციების საკითხებს. აქ დაუშვებელი იქნება საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტიც პოპულარიზაციისკენ.
მერვე საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ.
ეს არის ის რვა საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით. გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში“, აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმე დღედ.
„ეს გახლავთ ძირითადი შინაარსი, ასპექტები ცვლილებებისა, რომელიც დღეს დაინიცრდება და იქნება საჯარო ყველასთვის. რაც შეეხება პროცედურებს, მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღებთ პირველი მოსმენით. ხოლო საშემოდგომო სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო, ვისაც სურს, იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ სრული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ასევე 17 მაისს გამართულმა მასშტაბურმა აქცია ფაქტობრივად, იყო სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდაჭერისა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ვალდებულებაა, რომ შეასრულოს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.