განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და „აგენტების კანონის“ გაწვევას სთხოვენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა, გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები და სასწრაფოდ გამოძიებული იქნას აქციებზე მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები.
“ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები, ვეწინააღმდეგებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელმეორედ ინიცირებას და, მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, გამოითხოვოს რუსული კანონი.
ასევე, დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა, გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები; და სასწრაფოდ გამოძიებული იქნას აქციებზე მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები.
ასევე, ჩვენთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეს კანონპროექტი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მისი სამიზნე ჩვენი დასავლელი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები არიან.
ამიტომაც, მოვითხოვთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ანტიდასავლური რიტორიკა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ კანონთან მიმართებაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და მოსაზრებებს.
ჩვენ, სტიპენდიანტებს მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დაცვა ჩვენი საზოგადოების განვითარების
გარანტად მიგვაჩნია.
ამასთანავე, კანონპროექტი შეიცავს უდიდეს რისკებს მომავალში შექმნას კიდევ უფრო დიდი ქაოსი და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მოახდინოს იმ პირების/ორგანიზაციების მარგინალიზება, რომლებიც ადამიანის უფლებების, პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის, განათლების, ჯანდაცვის, სამოქალაქო აზროვნების განვითარებისთვის იბრძვიან.
ამით კი, თავის მხრივ, ის შექმნის ხელსაყრელ გარემოს:
საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერებისთვის;
ვიზა ლიბერალიზაციის გადასახედად და სანქციებისთვის;
დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებთან თანამეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისთვის;
ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების კიდევ უფრო მეტად დისკრიმინაციისთვის;
თავისუფალი მედიის და აზრის გაქრობისთვის;
განათლების, მეცნიერების, კვლევების შეზღუდვისა და შემცირებისთვის;
შემოქმედებით სფეროში ტოტალური კონტროლის დაწესებისთვის;
შრომითი უფლებების დარღვევების ლეგალიზებისთვის;
ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისთვის;
სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში დაწყებული პროცესების შეჩერებისთვის;
გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი უკუსვლისთვის.
ეს ჩამონათვალიც კი სრულად ვერ ასახავს ზიანის იმ მასშტაბს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება.
სამწუხარო რეალობაა, რომ პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრები მასიურად ტოვებენ საქართველოს (ათობით სტიპენდიატიც კი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი გახდა ბოლო წლებში), რამაც ქართულ შრომის ბაზარს დიდი ბზარი გაუჩინა. აღნიშნული კანონით ინტელექტუალური კაპიტალის გადინება კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოს ისტორია და აწმყო გვკადრულობს, რომ ჩვენი ცივილიზაციური, ისტორიული და გეოპოლიტიკური არჩევანი მხოლოდ დასავლურ სამყაროზე გადის.
საქართველოს მოსახლეობამ რუსეთის ორასწლიანი ოკუპაციის მანძილზე დიდი მსხვერპლი გაიღო განვითარებულ სამყაროში ადგილის მოსაპოვებლად და მიგვაჩნია, რომ ყველანაირი რესურსი უნდა მივმართოთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
რუსული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს. ეს კანონი არ არის შესაბამისობაში ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოთხოვილი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში გამარჯვებული სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების სტიპენდიატები, მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ გამოითხოვოთ “რუსული კანონი”!
მიმართვის დასასრულს, სინანულით გვსურს აღვნიშნოთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელიც დაარსდა ქვეყნის განვითარებაში და ევროინტეგრაციაში წვლილის შეტანისთვის და რომელსაც რუსული გავლენების წინააღმდეგ მოწინავეთა რიგებში უნდა ებრძოლა, სრულიად დუმს.
ეს სიჩუმე ემსახურება მხოლოდ ასოციაციის ერთეული წევრების პირად კომფორტს, და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს ასოციაციის სხვა წევრებისა და კურსდამთავრებულთა ნებას, ღირებულებებსა თუ მისწრაფებებს.
ამ განცხადების ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში კონსტრუქციული კრიტიკა, გამოხატვის თავისუფლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფა ჩვენი უფლებაა, რომელსაც დაცვა ყოველთვის სჭირდება და დღეს დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია.
ამიტომ, ამ განცხადებით ვეწინააღმდეგებით კანონს და მოვითხოვთ მის გაწვევას“,- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 129 სტიპენდიატი აწერს.
მათივე ცნობით, ხელმომწერთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.