სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილში აცხადებს.
„ერთი თვის წინ საინტერესო კვლევა ჩავატარეთ. გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.