ფსკერზე ფსკერია, მეგობრებო, თქვენი წერილები, მოქმედებები და თქვენ ამ ქვეყანაში პარპაშს აუცილებლად დაასრულებთ - საქართველო რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყანა არასდროს გახდება და ის აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის წერილს.
როგორც აქუბარდია განმარტავს, ეს წერილი მისთვის იმის მაჩვენებელია, რომ დაშინებისა და შავი სიების ამოქმედების კამპანიაში თავად ირაკლი კობახიძე ჩაერთო.
„ბიძინა ივანიშვილის პრემიერების ისტორიაში, რაც არც თუ ისე ცოტა იყო, ყველაზე სამარცხვინო ბოლო პრემიერად წოდებული კაცია [ირაკლი კობახიძე], რომელიც თავს უფლებას აძლევს დააბრალოს რევოლუციების მოწყობა ამერიკასა და ევროკავშირს ისე, რომ არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, მისი პროკურატურით არ აქვს, თავს უფლებას აძლევს შეურაცხყოფა მიაყენოს თავის ხალხს და ილიას უკან ამოეფაროს და საკუთარი ქვეყნის ახალგაზრდობას ბერბიჭაშვილი - ილიას მკვლელი უწოდოს. ეს არის ის ცინიზმი და ის ფსკერი, რომელიც საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა დაიმსახურა და მიიღო.
ერთი მხრივ, ეს ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ ამ ზიზღის კამპანიაში - დაშინებისა და შავი სიების ამოქმედების კამპანიაში თავად ირაკლი კობახიძე ჩაერთო. მეორე მხრივ, ეს აჩვენებს, იმ მძიმე ტრაგიკომედიურ მდგომარეობას, რომელშიც “ქართული ოცნება” არის, მათ შორის იმის მტკიცებით, რომ თითქოს მათ ყველაზე მაღალი IQ აქვთ და თითქოს ამ ქვეყნის მთავარი ინტელექტუალები არიან. ფსკერზე ფსკერია, მეგობრებო, თქვენი წერილები, მოქმედებები და თქვენ ამ ქვეყანაში პარპაშს აუცილებლად დაასრულებთ, იმიტომ, რომ საქართველო რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყანა არასდროს გახდება და საქართველო აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდეთ“,- აღნიშნა აქუბარდიამ.
დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერს, რომ საპროტესტო აქციებში სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათი დიდი ნაწილი კი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან.