ევროპული ორგანიზაციები EU-ს ხელმძღვანელობას საქართველოს შესახებ მიმართავენ. ევროპული ორგანიზაციები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რეპრესიული კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის გავრცელება განიხილონ.
წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგი.
მიმართვის ხელმომწერი 20 ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ რეპრესიულ კანონმდებლობას და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისთვის.
"წერილი ხელმომწერი ორგანიზაციების მოწოდებაა:
საქართველოს მთავრობამ უპირობოდ გააუქმოს რეპრესიული კანონპროექტი და განაახლოს მუშაობა დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგისკენ, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ევროკომისიის ცხრა ნაბიჯით;
სპეცრაზმისა და უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების ძალადობრივი დარბევის ფონზე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა (EUSR) ადამიანის უფლებათა საკითხებში ოლოფ სკუგმა მოაწყოს ვიზიტი საქართველოში;
ევროკომისიამ, ევროსაბჭომ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განიხილონ მის ხელთ არსებული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები — პირველ რიგში უარყოფითი პირობითობის ზომები — მათ შორის ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმი საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად;
ევროკომისიამ გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა NDICI-ის დამხმარე და სწრაფი რეაგირების ფონდების მობილიზებით, რათა უზრუნველყოს სწრაფი და ყოვლისმომცველი რეაგირება სამოქალაქო სივრცის დახურვის წინააღმდეგ, მათ შორის უფლებადამცველების, კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის, დამოუკიდებელი მედიის და არჩევნებზე დამკვირვებლების მხარდაჭერით.
ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფმა (DEG) დაიწყოს კონსულტაციებო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR), რათა უზრუნველყოს მათი მხარდაჭერა და შესძინოს პოლიტიკური მნიშვნელობა ქვეყანაში არჩევნებზე დაკვირვებას",- ნათქვამია წერილში.
წერილზე ხელმომწერთა სია: European Partnership for Democracy; Westminster Foundation for Democracy; Political Parties of Finland for Democracy – Demo Finland; The Netherlands Institute for Multiparty Democracy; Danish Institute for Parties and Democracy; Article 19; Association for Democracy Assistance and Human Rights; Netherlands Helsinki Committee; Brot für die Welt; International Partnership for Human Rights; Human Rights Without Frontiers; Eastern Partnership Civil Society Forum; Protection International; ILGA-Europe; International Planned Parenthood Federation European Network (IPPF EN); International Federation for Human Rights – FIDH; International Rehabilitation Council for Torture Victims; Free Press Unlimited; Club de Madrid; Democracy Reporting International.