აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და მის შედეგებს არ ცნობს.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და არ ცნობს 2024 წლის 9 ივნისს, საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს„ და მათ შედეგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ხმის მიცემისთვის 73 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა, მათ შორის 71 ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე, ერთი - მოსკოვში, ე.წ.“სამხრეთ ოსეთის“ საელჩოში და ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედ „საკონსულოში“.
„არჩევნებისთვის“, საერთო ჯამში, 40 000 „ბიულეტენი“ დაიბეჭდა. „საარჩევნო უბნები“ 20:00 საათზე დაიხურა.