საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ (RN) კანდიდატები ლიდერობენ, რომლის სიის სათავეშიც ჯორდან ბარდელაა. წინასწარი შედეგებით, მათ ევროპარლამენტის არჩევნებში ხმების 30%-ზე მეტი მიიღეს.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტია, რომლის კანდიდატთა სიის სათავეში ვალერი ჰეიერია, 15,2%-ით მეორე ადგილს იკავებს.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. ემანუელ მაკრონის თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 30 ივნისს გაიმართება.
„არ შემიძლია ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა“, - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთში აქტივობა დაახლოებით 51% პროცენტი იყო, რაც მცირედით აღემატება 2019 წლის მონაცემს.