აშშ-ის მთავრობა უკრაინის სპეცდანიშნულების ბრიგადა „აზოვს” ამერიკული იარაღის გამოყენებას აღარ უკრძალავს.
ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ათწლეულის განმავლობაში მოქმედი აკრძალვა, ამერიკული წვრთნისა და იარაღის გამოყენებაზე, მას შემდეგ გაუქმდა, რაც ახალი ანალიზით არ აღმოჩნდა მტკიცებულება დანაყოფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ.
„საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, უკრაინის მე-12 სპეცრაზმმა აზოვის ბრიგადამ გაიარა ლეაჰის შემოწმება, რომელიც განხორციელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როდის გაუქმდა აკრძალვა და უკვე აქვთ თუ არა „აზოვის” წევრებს ამერიკული იარაღი დეპარტამენტი არ აკონკრეტებს.
„აზოვის პოლკი", ომის დაწყების პირველ თვეებში, ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს იცავდა. ისინი გამაგრებულები იყვნენ „აზოვსტალის" ქარხანაში და მეთაურების ბრძანების შემდეგ, 2022 წლის მაისში ტყვედ ჩაბარდნენ. ისინი ამავე წელს, თურქეთის შუამავლობით დადებული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდნენ.