„ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ძალიან სამწუხაროა და იმედი გამოთქვა, რომ ექიმები ზუკა ბერძენიშვილს დახმარებას დროულად აღმოუჩენენ.
„ძალადობა არის მიუღებელი. ეს არ არის ენა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთს უნდა ესაუბრებოდნენ. სამწუხაროდ, როდესაც განსხვავებული აზრი არის საკითხებზე, გვყავს ისეთი ოპონენტები, ისეთი პოლიტიკური ძალები პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დისკუსია, განხილვები, ჯანსაღი არგუმენტების წარმოდგენა დაებლოკათ და პროცესები მთლიანად ძალადობრივ სიბრტყეში გადაიტანეს.
ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ ექიმები დროულად აღმოუჩენენ დახმარებას და სამსახურები, რასაკვირველია, შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. სამწუხაროდ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ სიძულვილის და ზიზღის კამპანიას, რომელშიც ჩართულები არიან რადიკალური ძალები. მათი შეფასებებიც არის შერჩევითი და ძალადობასთან აქვთ ორმაგი სტანდარტით მიდგომა, რაც არის მიუღებელი. ძალადობა უნდა დავგმოთ ცალსახად და არ უნდა ვიკითხოთ, თუ ვის ეხება ის," - განაცხადა თალაკვაძემ.
ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
„ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ „აღშფოთებული მოქალაქეები“ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ, უბრალოდ დამთხვევაა. სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ“, - დაწერა სალომე ბარკერმა.