ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი და ბაიდენი უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტები - ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი,  „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების 10-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.

როგორც The Washington Post-ი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველის, ჯეიკ სალივანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება და ის ვაშინგტონს დაავალდებულებს, უზრუნველყოს კიევის სამხედრო დახმარების ფართო სპექტრი.

„შეთანხმების მიზანს წარმოადგენს აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციების დავალდებულება, მხარი დაუჭირონ უკრაინას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ აშშ-ის შიგნით პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობის გადალახვას, თუმცა, აღიარებენ, რომ ტრამპს თუ სხვა ნებისმიერ მომავალ პრეზიდენტს შეუძლია, გავიდეს შეთანხმების იურიდიულად სავალდებულო აღსრულების ნაწილიდან, რადგან ის არ იქნება კონგრესის მიერ რატიფიცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს რაიმე ახალი ვალდებულების აღებას ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით.