საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ საქართველოში ვრცელდება დეზინფორმაცია ამერიკაზე, რომ თითქოს ის არის "გლობალური ომის პარტია", აფინანსებენ რევოლუციას, რისი მოსმენაც გულსატკენია.
როგორც დანიგანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „საბჭოთა მეხსიერება" საინაუგურაციო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დეზინფორმაცია და ისტორიული რევიზიონიზმი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას ყველგან.
„ჩვენ ამას ვხედავთ აქ, ვხედავთ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც. ამიტომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვეძლევა ამ პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა, რადგან ის იბრძოლებს რუსულ დეზინფორმაციასთან და ისტორიულ რევიზიონიზმთან და გაავრცელებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში რუსული მმართველობის დროს", - თქვა დანიგანმა.
მისი თქმით, ეს იქნება სამოქალაქო განათლების ღონისძიებები, ასევე გამოფენები და დოკუმენტური ფილმები. პროექტი შეახსენებს ყველას, რომ „საბჭოთა რეჟიმი აგენტებსა და ჯაშუშებს უწოდებდა ყველას, ვინც სიმართლეს ლაპარაკობდა".
„მე უკვე 8 თვეა, რაც საქართველოში ვარ და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კარგად არ ვართ შეიარაღებულები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ვრცელდება. სამწუხაროდ ეს ეხება საქართველოსაც. ერთ-ერთი დეზინფორმაცია, რაც ვრცელდება, არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ქვეყანა თავის იდენტობას კარგავს. ეს ტყუილია. საკმარისია გაიარო მანქანით ევროკავშირში და წამსვე მიხვდები, როდის გადაკვეთე საზღვარი და გადახვედი ერთი ქვეყნიდან მეორეში.
სამწუხაროდ, არსებობს დეზინფორმაცია შეერთებულ შტატებზეც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტია ვართ, რომ ამ ქვეყანაში რევოლუციას ვაფინანსებთ და საერთოდ ცუდი განზრახვები გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ამის მოსმენა გულსატკენია, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია ამ ქვეყანაში არის ორი ხალხის მჭიდრო კავშირის ისტორია, პარტნიორობისა სამედიცინო, სასოფლო სამეურნეო, საგანმანათლებლო სფეროებში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 6 მილიარდი დოლარის დახმარება გავუწიეთ საქართველოს. მე დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - თქვა დანიგანმა.