„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მომღერალმა სალომე კორკოტაშვილმა (SALIO) საქართველოს საელჩოს მიერ გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ღონისძიება 21 ივნისს, ბერლინის სასტუმრო ადლონში უნდა გაიმართოს.
სალომე კორკოტაშვილის თქმით, გადაწყვეტილება ბენდთან ერთად მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ მასთან ერთად სცენაზე პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა წევრები იქნებოდნენ.
„გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო - ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - უთხრა მომღერალმა „რადიო თავისუფლებას“.
2024 წლის 7 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს, გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მიღებას მართავს.