სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე თქმით, ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
„სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
დღეს კახა კალაძემ ამ თემასთან დაკავშირებით განაცხადა: „ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს“.
13 ივნისს, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტი საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთენლო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით, მათი მიმართვის უგულვებელყოფაში დაადანაშაულა.