ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტზე: სახეზეა რუსეთის კარნახით მიღებული გადაწყვეტილება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ამბობს, რომ კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება.

მისი თქმით, დღეს საქართველოს მთავრობამ დაადასტურა ის, „რაც უკვე ნათელი იყო“, როცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა „ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეაჩერეს“. პროექტის შეჩერების მიზანი კი ქვეყნიდან დასავლური, ამერიკული ინვესტიციების განდევნა იყო.

„მაშ შემდეგ, რაც რუსეთში ღრმაწყლოვანი პორტები ვეღარ ფუნქციონირებენ, იმის გამო, რომ ისინი სამართლიან, საპასუხო თავდასხმას იღებენ უკრაინის მხრიდან, როგორც ჩანს, ამ ფონზე რუსეთმა გადაწყვიტა ნებართვა მიეცა "ქართული ოცნებისთვის," რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაწყებულიყო, ოღონდ, მათთვის სასურველი ინვესტორის მიერ.

ხაზგასასმელია ის გარემოება,რომ ის, რაც გააჩერა და მოკლა საქართველოს მმართველმა ძალამ, ის გულისხმობდა ბიუჯეტიდან მინიმალურ ჩართულობას იმასთან შედარებით, რა ვალდებულებასაც დღეს იღებს საქართველოს მთავრობა,როცა ამბობს, რომ პორტის 51% დააფინანსებს საქართველოს ბიუჯეტიდან.

კვლავ სახეზეა მავნებლობა, ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ მიყენებული დარტყმა და კვლავ სახეზეა რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაღები და მათი კარნახით მიღებული გადაწყვეტილება”, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.