სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილსა და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფები ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით აქტიურად მიმდინარეობს.
„აღსანიშნავია, რომ მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
ჯივიპის საოპერაციო ცენტრები პარალელურად მუშაობენ ავარიის აღმოფხვრის ალტერნატიულ გეგმებზე, რათა დაზიანების სირთულის გათვალისწინებით, წყალმომარაგების აღდგენა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს.
საღამოს 10 საათზე, კომპანია დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის დროსთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.