ჰელსინკის კომისია „რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონების გავრცელებაზე“ 20 ივნისს ბრიფინგს გამართავს, სადაც განხილული იქნება, თუ რატომ იღებს მრავალი ქვეყანა ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის.
ბრიფინგი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება.
„ბრიფინგზე განხილული იქნება, თუ როგორ და რატომ იღებს მრავალი ქვეყანა ამ ავტორიტარულ ინსტრუმენტს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე გაკეთდება“, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ბრიფინგზე სპიკერები იქნებიან ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი, ჟასმინ დ. კამერონი; კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ასოცირებული პროფესორი, ლინკოლნ მიტჩელი და ორგანიზაცია „სლოვაკეთის მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა.