ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვასო ურუშაძე: ივანიშვილის მმართველობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში არარეალისტურია

ივანიშვილის მმართველობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში არარეალისტურია, დიდი პროექტის იდეა “ლაზიკა” კვლავ სიცოცხლისუნარიანია და მას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რასაც საზოგადოების ნდობისგან გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება ხალხს სთავაზობს, საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში არ შედის.

,,ჩვენ 2012 წლიდან დღემდე “ლაზიკას” პროექტის არგანხორციელებით ხელიდან გავუშვით უდიდესი შესაძლებლობა, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების და დავკარგეთ შანსი ათიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნის. პროექტი “ლაზიკა” ეს არ იყო მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ეს იყო დიდი იდეა, რომელიც აერთიანებდა ახალი ქალაქის მშენებლობას, თავისუფალ სავაჭრო და ინდუსტრიულ ზონის მოწყობას, სადაც იქნებოდა ბრიტანული სამართალი, ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი, აშენდებოდა ღრმაწყლოვანი პორტი და სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. ყოველივე ეს კი შექმნიდა ათიათასობით მაღალანაზღაურებად და ღირსეულ სამუშაო ადგილს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი სამეგრელოში.

დღეს რასაც გვთავაზობს საზოგადოების ნდობისგან გაკოტრებული ივანიშვილის ხელისუფლება, არ შედის საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში, ეს არ მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს კეთილდღეობას, დასაქმებას, არ შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, არამედ მოემსახურება მხოლოდ რუსულ ინტერესებს რეგიონში, მათ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს.

დიდი პროექტის იდეა “ლაზიკა” კვლავ სიცოცხლისუნარიანია და ხელისუფლების შეცვლის შემდგე მას აუცილებლად განვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენაში, გავხდეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური, ეკონომიკური ცენტრი რეგიონში”, - განაცხადა ურუშაძემ.