ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა. ის დახმარების ხელს უწვდიდა ჩვენს სახელმწიფოს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამის გარდა, შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, ამ რეჟიმის ცვლილებისთანავე გაცილებით უფრო გააღრმავებს ურთიერთობას საქართველოსთან, გაღრმავებაში ვგულისხმობ უფრო მჭიდრო ურთიერთობებს, თავისუფალ ვაჭრობას, თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, უვიზო მიმოსვლას, უსაფრთხოების საკითხებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო მჭიდრო და ღრმა სტრატეგიული ურთიერთობები შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.
„ეს რეჟიმი ძირს უთხრის ამ ურთიერთობებს, არა მხოლოდ საქართველოს შიგნით დემოკრატიულ ფასეულობებს, ინსტიტუციებს, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო ვექტორის პრიორიტეტებს, როგორიც არის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია და შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ჩვენი მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობები. პერსონალურად ვინ დასანქცირდება, ვინ იმოგზაურებს, ვის ვიზა ექნება, ვინ ჩავა, ვინ ვერ ჩავა, ეს ნაკლებად გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. აქედან გამომდინარე, სულ ოთხი თვე რჩება არჩევნებამდე, ეს რეჟიმი უნდა მოვაშოროთ, უნდა გავუშვათ სახლებში, მათ უნდა დაასრულონ ძალაუფლებაში ყოფნა. საქართველოს აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, განვითარების, დემოკრატიის გაღრმავების კუთხით, ასევე ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო ორიენტირების, ხალხის მიერ უკვე არჩეული - დასავლური ინტეგრაციის დაბრუნება ჩვენს დღის წესრიგში. მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა, ასი ათასობის ადამიანის პროტესტისა, „ოცნებამ“ მაინც მიიღო კანონი, რომელიც გვაშორებს ხალხის ურყევ ნებას - დასავლეთს და ეს სანქციების აშშ-ს მხრიდან არის მიზეზშედეგობრივი, ტყუილად არავის არაფერი არ დაუწესებია “ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.