აშშ-მა „ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოში დემოკრატიისათვის ძირის გამოთხრის გამო, დაასანქცირა. ამიტომ, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ქართველმა ხალხმა უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, ენერგია, ჩავატაროთ რეფერენდუმი და საბოლოოდ მოვიშოროთ ეს ავტოკრატიული რეჟიმი. ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ცივილიზებული სამყაროს წევრი, წინ ვერაფერი აღუდგება, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, „ოცნების“ რეჟიმმა თავიანთი მოქმედებებით, შეგვიყვანა ავტოკრატთა კლუბში, "სადაც სანქციების მექანიზმი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს, მისი მოხსნის პრეცედენტი არ არსებობს“.
„შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნები დავყოთ ორ ძირითად კატეგორიად - პირველად ეს არის სიტუაცია, როდესაც მთლიანად ქვეყანა არის სანქციების ქვეშ და ასეთია კუბა, ირანი და რუსეთის ფედერაცია, ხოლო მეორე კატეგორია შეეხება ქვეყნებს, სადაც კონკრეტული სახელმწიფოების ქვეყნების წარმომადგენლები არიან დასანქცირებულები. ასეთია ნიკარაგუა, ვენესუელა, ზიმბაბვე, მიანმარი, კამბოჯა და ახლა უკვე საქართველოც.
„ოცნების“ რეჟიმმა თავიანთი მოქმედებებით, ადამიანების უფლებების ხელყოფისათვის, დემოკრატიის ძირის გამოთხრის გამო, სამწუხაროდ შეგვიყვანეს ავტოკრატთა კლუბში, სადაც სანქციების მექანიზმი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაფართოვდეს, მისი მოხსნის პრეცედენტი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ როდესაც ვისმენთ რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთი მათგანი თურმე არ გეგმავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას, ზოგიერთისთვის შეიძლება მართლაც აღმოჩნდეს დისკომფორტი, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს მათი სამოგზაურო გეგმები როგორია. ჩვენ გვაინტერესებს ამ ქვეყნის ბედი, საქართველო, რომელიც ოდესღაც იყო პირველ ათეულში მათ შორის ბიზნესის კუთხის თვალსაზრისითაც, რომელიც ვითარდებოდა, პროგრესს განიცდიდა, ევროპას და შეერთებულ შტატებს უახლოვდებოდა, მისაბაძი მაგალითი იყო მთელი რეგიონისთვის. ასეთი საქართველო ამ ადამიანებმა, რეჟიმის წარმომადგენლებმა შეიყვანეს ნიკარაგუასთან და ზიმბაბვესთან ერთად ავტოკრატიულ კლუბში, ამიტომ ჩვენ ახლა მართლაც ცოტა დრო გვაქვს, ოთხ თვეზე ცოტა მეტი რჩება გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე, რისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ოპოზიციამ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა, ენერგია, რესურსები, რომ მართლაც ოქტომბერში ჩატარდეს რეფერენდუმი და ქართველმა ხალხმა აირჩიოს რა გზით უნდათ მომავალში ქვეყნის განვითარება, რადგან საქართველოს რეალურად აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, პერსპექტივა არამხოლოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, არამედ შეერთებულ შტატებთან მივაღწიოთ რეალურ და ყოვლისმომცველ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც შეეხება პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ სფეროს და თავისუფალ ვაჭრობას და აშშ-თან საბოლოო მიზანიც ის არის, რომ უვიზო მიმოსვლა იარსებებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ბიზნესის კეთება, ინვესტიციების შემოტანა, ვაჭრობა შეერთებულ შტატებთან და ასევე, მოგზაურობა ნებისმიერი დროით და ნებისმიერი მიზნით. ეს შეგვიძლია, ამას უნდა მივაღწიოთ, ოღონდ ამას სჭირდება გამარჯვება მოკლე დისტანციაზე, ერთგვარი სპრინტია ოქტომბრამდე რაც ჩვენ უნდა გავირბინოთ და იმ რეფერენდუმამდე ისე მივიდეთ, რომ ოპოზიცია მთლიანობაში იყოს მაგარ ფორმაში, დაამარცხოს ეს საკმაოდ ღრმად ფესვგადგმული რეჟიმი, რომელსაც ბევრი რესურსი აქვს, ფულიც აქვს, გაყალბებაც იცის, ადამიანების მოსყიდვაც შეუძლია, მაგრამ ხალხის ნებას, თუ ჩვენ ამ ძალისხმევას გავაერთიანებთ და რეფერენდუმს ჩავატარებთ, ვერაფერი წინ ვერ დაუდგება, რადგან ჩვენ ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის შესახებ ყველაფერი ვიცით და ეს არის დასავლეთი, ეს არის ცივილიზებული სამყარო და არამც და არამც რუსეთის გარშემო შემოკრებილი ეს ავტოკრატიული კლუბი.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.