ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მარკ კლეიტონი სანქციებზე: 4 ივლისის არჩევნებამდე დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა „აგენტების კანონის“ მიღების გამო „ქართული ოცნებისთვის" სანქციების დაწესების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „როდესაც [დიდი ბრიტანეთის] ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, მივცემთ რჩევას, რა ვარიანტები შეიძლება მიიღოს საქართველოსთან მიმართებით".

„უზომოდ ამაყი ვარ დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციებით. [დიდ ბრიტანეთში] ახლა წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვიმყოფებით და ახალ მთავრობას ველით, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული. მანამდე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული [სანქციებთან დაკავშირებით].

არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ დროულად მივცემთ რჩევას, თუ რა ვარიანტები შეიძლება მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, მოგიწევთ დაბრუნება და ჩემი მონაცვლისთვის ამის კითხვა.

ჩემს ევროპელ კოლეგებს უნდა ჰკითხოთ, თუ რას იტყვის ევროკავშირი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან ნათელია: 30 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდში ედგა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ. სუვერენიტეტი, ჩემთვის, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავად აკეთებს თავის არჩევანს. თუ თითოეული გამოკითხვა, რომელიც მე მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თუ ყველა დიდი პარტია ამბობს, რომ ეს თქვენი უმთავრესი მიზანია, ეს თქვენს კონსტიტუციაშია, მაშინ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს მას, ვინაიდან, ეს არის სუვერენული არჩევანის მთავარი აზრი“, - განაცხადა კლეიტონმა.

ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას მასპინძლობს.