აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვლადიმირ პუტინის განცხადებას ჩრდილოეთ კორეისთვის შეიარაღების შესაძლო მიწოდების თაობაზე შემაშფოთებელს უწოდებს. ამის შესახებ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და პუტინის განცხადება იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეისთვის იარაღის მიწოდებას, ძალიან შემაშფოთებელია. პოტენციურად ეს შეიძლება არღვევდეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებსაც თავად რუსეთიც უჭერდა მხარს“, - აღნიშნა მილერმა.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებული საფრთხის გასანეიტრალებლად აუცილებელია, აშშ-მა გააგრძელოს მუშაობა რეგიონში საკუთარ პარტნიორებთან,კერძოდ სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან.