ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს, საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს.
მისივე თქმით, სამაგიეროდ, აქტში პირველად გაჩნდა ჩანაწერი სომხეთთან თანამშრომლობაზე.
„სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც სენატში განიხილეს, საქართველოსთან დაკავშირებით ბევრს არაფერს აღარ ამბობს. მე ვნახე თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც 2025 წლის საბიუჯეტო წელს გულისხმობს და საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ, ჩანაწერიც კი არ არსებობს. მე ხელთ მაქვს ის ჩანაწერი, რომელიც ევროპასთან დაკავშირებით არის და გაგიკვირდებათ, თუმცა საქართველოს მხარდაჭერა აღარ არის ნახსენები და საუბარია სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რომელიც ამ მოლაპარაკებების შედეგად, პირველად გაჩნდა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.
ამ ვითარებაში, როდესაც თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ჯარის დაფინანსება ნულია და საქართველოზე ჩანაწერი გამქრალია და სომხეთთან თანამშრომლობაზე არის საუბარი, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კრემლის ოცნება ღიად შეასრულა, იმიტომ რომ შეერთებული შტატების დახმარების და მხარდაჭერის გარეშე, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ვერ შესრულდება და ერთადერთი რა შესაძლებლობაც შეიძლება ჩვენს ჯარს დარჩეს ეს არის ხანძრების ქრობა, ისიც ძალიან მწირი რესურსებით," - განაცხადა აქუბარდიამ.