ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თეონა აქუბარდია: „რუსულ კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს ეხება

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მტკიცებით, „აგენტების კანონში” მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებს იუსტიციის სამინისტროსთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის მიწოდებას ავალდებულებს.

როგორც აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს, ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შემთხვევაში, კანონს დაემატა 5 ათასი ლარი ჯარიმა.

„რუსული კანონის” მესამე მოსმენა - ანრი ოხანაშვილმა 67 წამში რომ ჩაატარა - ხომ გახსოვთ? ჩვენ პოლიციის კორდონით დაგვაყოვნეს და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარით. ჰოდა მესამე მოსმენაზე მონიტორინგის თავს დრაკონული პუნქტი დაემატა, რაც ფიზიკურ პირებსაც ეხებათ და ავალდებულებს იუსტიციის სამინისტროსთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

„პერსონალური მონაცემების შესახებ“ კანონის მესამე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც არის: განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება".

კანონს დაემატა 5 ათასი ლარი ჯარიმა, ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის შემთხვევაში“, - წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში.